პელეგრინი: “დიეგო კოსტა უნდა შეიცვალოს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი თვლის, რომ დიეგო კოსტას დისკვალიფიკაცია ინგლისის პრემიერლიგის XXIII ტურში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მეტოქე გუნდის ძალაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას არ იქონიებს.
“ამ ადამიანს განსაკუთრებული ხასიათი აქვს, მძიმე ხასიათი. იმედი მაქვს, ეს დისკვალიფიკაცია მასზე დადებით გავლენას მოახდენს. ის უნდა შეიცვალოს. დიდი გუნდები მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ არიან დამოკიდებულნი. “ჩელსიში” არიან სხვა მოთამაშეებიც, რომელთაც დიეგო კოსტას ჩანაცვლება შეუძლიათ”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს AFP.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულთის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დიეგო კოსტამ მერსისაიდელთა ნახევარმცველ ემრე ჯანს ფეხზე დააბიჯა, რის გამოც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
“ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.