პელეგრინიმ მოიბოდიშა
როგორც გუშინ გაუწყეთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (0:2) შემდეგ, „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ თავკაცის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან.
აღნიშნული საკითხის განხილვა უეფაში უკვე დაიწყეს.
მანუელ პელგრინიმ კი ბოდიში მოიხადა.
„ბარსელონასთან“ მარცხით გაღიზიანებული ვიყავი. შეიძლება ისეთი რამ ვთქვი, რასაც სინამდვილეში არ ვფიქრობდი. ბოდიშს ვიხდი“, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს „მარკა“.
ბექა დოგრაშვილი