პერვუხინი: „ქართველების კარგი გაგებით მშურს“
დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია შედგა. გთავაზობთ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრ პერვუხინის კომენტარს.
„როგორი დამოკიდებულება გექნებოდათ გუნდის მიმართ, რომელიც წასაგებად ჩამოდის? რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები გვაქვს. მეტოქეს პატივს ვცემთ. საქართველოში ჩატარებულ მატჩებში წაგებების „ტრადიცია“ გვაქვს. ამ არც თუ ისე ოპტიმალური სტატისტიკის მიუხედავად, გვსურს, ხვალ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და ქართველებისთვის ღირსეული მეტოქე გამოვდგეთ.
რაგბისადმი საქართველოში განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ამაზე თუნდაც ამ პრესკონფერენციაზე მოსული ჟურნალისტების რაოდენობაც მეტყველებს. ჩემი გუნდისთვის მთავარი არგუმენტი ის იქნება, რომ მოთამაშეთა 90%-ს 30 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით არასდროს უთამაშია. ეს თქვენი დიდი მიღწევაა და კარგი გაგებით მშურს, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებებს გისურვებთ. გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის სპორტის სამინისტროსთან ფულადი ბონუსების რაოდენობა გაწერილი გვაქვს. საუბარი დიდ თანხებზე საერთოდ არაა. რაგბზე რუსეთში ცოტა იხარჯება.
ჩვენი მიზანი ახალი გუნდის აშენებაა. ღმერთმა ქნას, თქვენთან ერთად იაპონიაში გავეგმზავროთ. შესაბამისად, ამ ციკლში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რაც ოპტიმალურ შემადგენლობაზეც გავლენას ახდენს.
რაც შეეხება გრიგორი და ვალერი ცნობილაძეებს, მათ საქართველოს წინააღმდეგ აქამდეც არ უთამაშიათ. ციკლის სხვა მატჩებში მათ მონაწილეობა მიიღეს. ისინი უკვე ასაკში არიან, ერთი 32 წლისაა, ხოლო მეორე – 34 წლის. ამიტომ, მათი თამაშის დიდი აუცილებლობა არც ყოფილა. ვალერისთან მე კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. შესაძლოა, უკვე შემდგომ ციკლში, ასაკის გამო, გრიგორისა და ვალერის გამოძახება აღარ მომიწიოს“.