პეტერ ბოში დანებების ვარიანტს გამორიცხავს
“შალკესთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (4-4), რომელშიც დორტმუნდის “ბორუსიამ” 4-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა, “დორტმუნდელთა” მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა პრესასთან ისაუბრა.
“ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ, დანებება გამორიცხულია. მთელი ცხოვრებაა, ამას ვაკეთებ. ფეხბურთელიც ასეთი ვიყავი, არასდროს ვნებდებოდი და მწვრთნელიც ასეთივე ვარ.
ყველანაირად ვეცდები, ფეხბურთელები გავამხნევო. მე გასამხნევებელი არაფერი მაქვს, ამას ისედაც გავუმკლავდები. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სხვას არც არაფერს ვაკეთებდი.
გიჟური თამაში იყო, წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რაც მოხდა. ოთხბურთიანი უპირატესობის შემდეგ ქულების დაკარგვა წარმოუდგენელი უნდა იყოს.
პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და შედეგიც მივიღეთ. მეორე ნახევარში კი რაღაც მოხდა. ამ დონეზე ასეთი გოლები არ უნდა გადიოდეს, მაგრამ გადის. ბევრი მუშაობა გვჭირდება,” – აცხადებს ბოში.