პეტერ გრაიციარი: “საქართველოში მძიმე ტრავმა მივიღე, თუმცა ჩეხეთში ფორმის აღდგენა შევძელი”
თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი, პეტერ გრაიციარი კარიერიას პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. სლოვაკი ნახევარმცველი “სლასკ ვროცლავის” ფეხბურთელი გახდა.
შეგახსენებთ, გრაიციარი “დინამოში” 2013 წელს პრაღის “სპარტადან” გადავიდა და მალევე გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა, თუმცა მოსკოვის “დინამოსთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა, რის გამოც მას ერთი სეზონის გაუცდა შემდეგ კი თბილისური კლუბი ფეხბურთელს დაემშვიდობა.
გამოჯანმრთელების შემდეგ გრაიციარმა ჩეხეთის მეორე ლიგის კლუბ “ვლაშიმს” მიაშურა, სადაც ფორმა აღიდგინა და ახლა უკვე გაცილებით მაღალ დონეზე ცდის ბედს.
31 წლის სლოვაკი პოლონურ კლუბში, რომელიც 19 ტურის შემდეგ მეორე პოზიციაზეა და ლიდერ “ლეგიას” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, რამდენიმე დღის წინ წარადგინეს.
“რამდენიმე წინადადება მქონდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი “სლასკზე” შევაჩერე. ეს საკმაოდ ტრადიციული კლუბია.
საქართველოში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ბევრი გამიცდა. ჩეხეთის მეორე ლიგაში თამაში კი ფორმის აღსადგენად ძალიან კარგი იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ფიზიკური კონდიციები წესრიგში მაქვს და მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად ვარ. ყველგან მოსაგებად ვიბრძოდი და “სლასკში” ასე იქნება” – განაცხადა გრაიციარმა.