პეტერ შმეიხელი: “რუნიმ ნახევარდაცვაში შესაძლოა, სქოულზის მსგავსად ითამაშოს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე პეტერ შმეიხელი თვლის, რომ გუნდის კაპიტანმა უეინ რუნიმ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე შესაძლოა, თავი კარგად წარმოაჩინოს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელ ფეხბურთელს ტრავმის გამო 13 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. შმეიხელი “წითელ ეშმაკებს” ურჩევს, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ანტონი მარსიალი ათამაშოს, რომელიც “ევერტონის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა და შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.
“იმედი მაქვს, მარსიალს მეცხრე ნომრის ამპლუას მოარგებენ. მისი ხილვა იმ პოზიციაზე მსურს, სადაც რაშფორდი თამაშობს. მარსიალი მარცხენა ფლანგზე ცუდად არ გამოიყურება, თუმცა ცენტრში უფრო სახიფათოა.
რუნის სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, მას მეათე ნომრად სურს თამაში, თუმცა მე რუნის ცენტრალურ ნახევარმცველად გავამწესებდი. მან ამ პოზიციაზე შესაძლოა, პოლ სქოულზის მსგავსად ითამაშოს”, – ციტირებს შმეიხელის სიტყვებს goal.com-ი.