პეტკოვიჩი და “ლაციო” ურთიერთობას სასამართლოში გაარკვევენ
ბოსნიელი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი, რომელიც გუშინ “ლაციოს” ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, ზარალის ანაზღაურებას სასამართლოში აპირებს. იტალიური პრესის ცნობით, კომპენსაციის სახით პეტკოვიჩს 600 000 ევრო უნდა მიეღო, რომაულმა კლუბმა კი, ბოსნიელ მწვრთნელს მხოლოდ 100 000 დაურიცხა.
“ლაციოს განცხადება უნიკალურია. პეტკოვიჩი მოლაპარაკებას აწარმოებდა შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციასთან, რასაც რომაულ კლუბთან კონტრაქტი არ კრძალავდა. შესაბამისად, პეტკოვიჩს შრომითი ხელშეკრულება არ დაურღვევია” – განაცხადა ბოსნიელი სპეციალისტის ადვოკატმა პაკო დ’ონოფრიომ.
“ლაციოს” ხელმძღვანელობამ პეტკოვიჩი თანამდებობიდან შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გაათავისუფლა. იტალიური კლუბის ბოსები ბოსნიელს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებენ.