პეტრ ჩეხის პირველი კომენტარი კარიერის დასრულების შემდეგ
ლონდონის “არსენალის” მეკარემ, პეტრ ჩეხმა, საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ბოლო მატჩში ჩეხი მეკარე თავის ყოფილ კლუბთან, ლონდონის “ჩელსისთან”, გამართულ ფინალში დამარცხდა (4:1) და ტიტულიც დათმო.
“გულწრფელად გითხრათ, ჩემი თავით ვამაყობ, ვამაყობ იმ გზით, რომელიც გამოვიარე, როგორც ფეხბურთელმა. როდესაც კარიერის ბოლო თამაში ევროპა ლიგის ფინალია, რა თქმა უნდა, ზეწოლა წარმოუდგენლად იზრდება.
მაღალ დონეზე უნდა ჩამეტარებინა მატჩი, იმის თქმის უფლება უნდა მქონოდა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. როდესაც უკან გავიხედები, არ მინდა რამე ვინანო. ჩვენ ნამდვილად არ ვიმსახურებდით სეზონის ასეთ დასასრულს.
მინდოდა, კარიერა ტიტულის აღმართვით დამესრულებინა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. ადვილია იმის თქმა, რომ სეზონი ხელცარიელებმა დავასრულეთ. თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს გუნდი მომავალში გაცილებით უფრო ძლიერი დაბრუნდება,” – აცხადებს პეტრ ჩეხი.