ფაბიო ბორინიმ მატჩის შესვენებისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „კარდიფ სიტისა“ და „სანდერლენდს“ შორის გამართული მატჩის (2:2) შესვენების დროს, სტუმრების თავდამსხმელმა ფაბიო ბორინიმ გონება დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული „ბიბისი“ ავრცელებს.
იტალიელი ფეხბურთელი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ტაიმში მის ნაცვლად მოედანზე სტივენ ფლეტჩერი შევიდა, რომელმაც 83-ე წუთზე გოლიც გაიტანა.
ბორინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მატჩის შემდეგ „სანდერლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა.
„ბორინი მატჩამდე ავად იყო, თუმცა თამაში სურდა. როგორც დავინახეთ, მისთვის ერთი ტაიმიც კი ბევრი აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ ბორინი თავს უკეთ გრძნობდა. ექიმმა მითხრა, რომ ჩვენთან ერთად ვერ იმგზავრებს, ამიტომ ღამეს აქ გაათევს, თუმცა საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. ძალიან ვღელავდით. რაღაც ვირუსი თუ ავადმყოფობაა. მოკლედ, პრობლემა მოიხსნა“, – განაცხადა პოიეტმა.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბორინიმ 16 მატჩში მიიღო მანწილეობა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ლივერპულს“ ეკუთვნის და „სანდელენდში“ იჯარის წესით თამაშობს.
ბექა დოგრაშვილი