ფაბიო კანავარო: “კარიერის დასაწყისში მცველის პოზიციაზე თამაში არ მინდოდა”
2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო გამოტყდა, რომ კარიერის დასაწყისში მცველის პოზიციაზე თამაში არ სურდა.
“როდესაც ადამიანები იტალიურ ფეხბურთზე საუბრობენ, დიდწილად დაცვით თამაშს გულისხმობენ. შესაძლოა, ბავშვების უმეტესობას ახლა კერპებად მართლაც ჰყავთ ჯორჯო კიელინი ან ლეონარდო ბონუჩი, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ასე არ იყო.
როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მცველის პოზიციაზე ყოფნა არ მინდოდა. საერთოდაც, ვის სურდა მაშინ დაცვის ხაზში თამაში? ჩვენ საკუთარი თვალით გვქონდა ნანახი, როგორ გაიტანა პაოლო როსიმ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი გოლი.
როდესაც “ნაპოლიში” მივედი, ბურთის მომწოდებელი ვიყავი და ლეგენდების ვარჯიშის ხილვის შესაძლებლობა მქონდა. შემდეგ ახალგაზრდულ გუნდში ჩავირიცხე და ვთამაშობდი ნახევარმცველად, როგორც მარკო ტარდელი. ერთ დღესაც აკადემიის ერთ-ერთმა დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ ჩემი ხილვა მცველის პოზიციაზე სურდათ. არანაირი განმარტება, არანაირი მიზეზი… სხვებთან შედარებით ტანდაბალი გახლდით, ამიტომ მცველის პოზიცია ჩემთვის შეუფერებელი გახლდათ, მით უფრო დაცვის ცენტრში თამაში, მაგრამ იმ მომენტიდან სწორედ ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი. საბედნიეროდ, ეს ამპლუა კარგად მოვირგე და ამ პოზიციაზე თამაში შემიყვარდა კიდეც”, – კანავაროს კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.