ფაბიო მანინო: “ამას თქვენი თვალით მალე ნახავთ!”
ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ დღეს გუნდის ახალ მწვრთნელთან, მიხეილ აშვეთიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და “ტორპედოში” არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
ტორპედოს პრეზიდენტი, ფაბიო მანინო: “მოლაპარაკებები ტორპედოს შეძენასთან დაკავშირებით სამი თვის წინ დავიწყეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. სამწუხაროდ, სეზონის დაწყებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და სათანადოდ დაკომპლექტება გაგვიჭირდება. ვესაუბრე მწვრთნელებს, გუნდს არსებული რესურსიდან გამომდინარე დავაკომპლეტებთ და სეზონს დავიწყებთ, მერე კი, ეტაპობრივად, უფრო გავძლიერდებით.
ჩემს პარტნიორებთან ერთად ბიზნეს გეგმაზე ვმუშაობ, რომელსას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წარმოგიდგენთ. ვაპირებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კლუბს ელემენტარული სავარჯიშო დარბაზი არ აქვს და ეს პრობლემაა. ბაზა აუცილებლად გაუმჯობესდება, იქნება საცურაო აუზი და ბევრი სხვა რამ – ამას თქვენი თვალით მალე ნახავთ! რაც შეეხება სტადიონს, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობამ მითხრა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია თანხები და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები.
მიხეილ აშვეთია: “მინდა მილოცვით დავიწყო – გილოცავთ ტორპედოს გადარჩენას. ამდენი ნეგატიური ამბის შემდეგ ეს მართლაც სასიხარულო რამაა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მცირე დრო გვაქვს და ყველამ უნდა ვეცადოთ, პირველ მარტს კონკურენტუნარიანი გუნდით შევხვდეთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართველ ფეხბურთელებთან, გავდივართ კონსულტაციებს ლეგიონერებთან დაკავშირებით… რომ გითხრათ, პირველ მარტს 100%-ით მომზადებულები შევხვდებით, ტყუილი გამომივა, მაგრამ ბირთს ჩამოვაყალიბთ და, როგორც უკვე ითქვა, ეტაპობრივად გუნდს უფრო განვავითარებთ.”
“ტორპედოს” ტრანსფერებისთვის მხოლოდ 25 დღე აქვს.