ფაბრეგასი: “არსენალში” ჩემი დონის ფეხბურთელები მხოლოდ ვან პერსი და ნასრი იყვნენ”
“მონაკოს” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც მას “არსენალის” დატოვებისაკენ უბიძგა.
როგორც იცით, ესპანელი ფეხბურთელი “არსენალის” ღირსებას 2003-2011 წლებში იცავდა. ამის შემდეგ ის “ბარსელონაში” გადავიდა.
“კაპიტანი ვიყავი და ყოველთვის დიდ ზეწოლას ვგრძნობდი. გუნდს წინ უნდა გავძღოლოდი. მე ყველაფერი გავიღე. ზოგჯერ, მარცხის შემდეგ, როცა სახლში მივდიოდი, ვტიროდი ხოლმე. მარცხს ძალიან განვიცდიდი და ამის გამო ბევრი უძილო ღამე მქონია. როცა წაგებული შეხვედრის შემდეგ ავტობუსში ასეთი დამწუხრებული ხარ და ამ დროს ზოგიერთი ფეხბურთელის სიცილი გესმის, იწყებ იმაზე ფიქრს, თუ რა ხდება.
რამდენიმე წლის განმავლობაში ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობდით და ეს მსიამოვნებდა. თუმცა, ამავდროულად ზეწოლას განვიცდიდი და ზოგჯერ თავს მარტოსულადაც ვგრძნობდი. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მხოლოდ რობინ ვან პერსი და სამირ ნასრი იყვნენ ჩემი დონის ფეხბურთელები, როგორც მენტალურად, ისე ტექნიკურად. ეს ქედმაღლური ნათქვამი არ არის, ეს არის ის, რასაც მაშინ ვგრძნობდი.
უნდა ვთქვა, რომ მენტალურად და ფიზიკურად გამოვიფიტე. კლუბს რამდენიმე კარგი ტრანსფერი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვა ფეხბურთელების საქციელი კი მაფიქრებდა იმაზე, რომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა. მაშინ, “არსენალში” განსხვავებული სიტუაცია რომ ყოფილიყო, გუნდს არ დავტოვებდი”, – უთხრა ფაბრეგასმა Sky Sports-ს.