ფაბრეგასის ემოციური წერილი: “მუდამ ჩვენ გულებში იქნები”
თარიღი: ივნისი 1, 2019
“მონაკოს” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ხოსე ანტონიო რეიესის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა.
რეიესი და ფაბრეგასი წლების მანძილზე “არსენალსა” და ესპანეთის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ.
“ჩემი პირველი დიდი მეგობარი პროფესიონალურ ფეხბურთში, ოთახის მეზობელი, რომელსაც ყოველთვის ისე ეძინა, რომ ჰაერის გამაგრილებელი -10 ტემპერატურაზე იყო ჩართული.
თავმდაბალი პიროვნება, რომელიც მუდამ იღიმოდა, დიდებული ფეხბურთელი და დიდებული ადამიანი. ამაზე ცუდ ამბავს ვერ გავიგებდი.
არასოდეს დამავიწყდება, როგორ მიმიღეთ შენ და შენმა ოჯახმა თქვენ სახლში, როცა ინგლისში შობის დღესასწაულს პირველად შევხვდი. მაშინ 16 წლის ვიყავი.
ჩვენ მოედანზე ერთმანეთის განსაკუთრებულად გვესმოდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ შენ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე ხარ ფეხბურთში და ვიცი, რომ არ ვცდები. ორი დღის წინ შენ შესახებ ინტერვიუში ვისაუბრე, შეიძლება, ეს ნიშანიც კი იყო, არავინ იცის.
მე არასოდეს დაგივიწყებ, ჩვენ არასოდეს დაგივიწყებთ. მუდამ ჩვენ გულებში იქნები. მშვიდად განისვენე, ხოსე ანტონიო რეიეს. ძალიან მიყვარხარ”, – წერს ფაბრეგასი.