ფაჩულია FIBA.COM-ზე: ზაფხულის მოსვლა მახარებს, რადგან ვიცი, საქართველოს სახელი უნდა დავიცვა
მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი შეუსრულდა, ზაზა ფაჩულია უმაღლეს დონეზე თამაშობს. „მილუოკი ბაქსის“ ქართველი ცენტრისთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ფაჩულიას დიდი დამსახურებაა, „მილუოკი“ საპლეიოფო ზონაში რომ ტრიალებს. წარმატებულ ქართველთან ინტერვიუ გუშინ ფიბა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა (fiba.com) გამოაქვეყნა, რომელიც ქართველი მკითხველითვის საინტერესოა და gbf.ge მის თარგმანს გთავაზობთ.
“ბაქსის” ცენტრ ზაზა ფაჩულიას დიდი სურვილი აქვს, საქართველოს სახელი დაიცვას
ყველა გუნდს სურს ჰყავდეს სუპერვარსკვლავი, ან მოთამაშე, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში ბურთის ჩაგდება შეუძლია. თუმცა შედეგი რომ აჩვენოს, გუნდს ასევე სჭირდება ისეთი კალათბურთელი, რომელიც ეგრედ წოდებულ შავ სამუშაოს შეასრულებს და მის მიერ გაწეულ სასარგებლო საქმეს სტატისტიკა ხშირ შემთხვევაში ვერ ასახავს.
ნბა-ში ჩატარებულ რიგით მე-12 სეზონში ზაზა ფაჩულია თავს სწორედ ასეთ კალათბურთელად წარმოაჩენს. მას მებრძოლი სული აქვს და ამას მისი თანაგუნდელები და მწვრთნელები დიდად აფასებენ. „მილუოკი ბაქსის“ ცენტრი გუნდს დაეხმარა, 2013-2014 წლების საშინელი სეზონის შემდეგ აღმავლობის გზაზე დამდგარიყო. 20 მოგებითა და 19 წაგებით „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.
ფაჩულია ასევე უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც 2015 წელს ზაგრებში, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ხორვატიის, სლოვენიის, მაკედონიის, ჰოლანდიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
fiba.com ზაზა ფაჩულიას ესაუბრა…
ტრავმებით შეწუხებული რამდენიმე წლის შემდეგ რეგულარულად და სტაბილურად თამაში დაიწყეთ. ეს იმედისმომცემი უნდა იყოს თქვენთვის…
– ეს ძალიან კარგია. სიმართლე გითხრათ, ესაა დიდებული გრძნობა, როცა შეგიძლია შენს თანაგუნდელებთან ერთად ითამაშო. საშინელი განცდა იყო, როცა წლების მანძილზე ტრავმების გამო ფორმაში ვერ შევდიოდი და და ახლა განსაკუთრებულად მიხარია, მოედანს რომ დავუბრუნდი. ძალიან ბევრს ვმუაობდი და ვვარჯიშობდი, რათა სეზონს ფორმაში შევხვედრილიყავი და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. გახარებული ვარ, რომ მოედანზე მიწევს ყოფნა და შესაძლებლობა მაქვს, გუნდს მოგების მოპოვებაში დავეხმარო.
– რას იტყვი „მილუოკის“ გასულ სეზონზე?
– წინა სეზონი იყო ალბათ ყველაზე ცუდი ჩემს კარიერაში, რომლის გახსენებაც კი არ მინდა. საშინელი სეზონი იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხეთ თამაშის გაუმჯობესება და სეზონი „მილუოკისთვის“ კარგად მიმდინარეობს. შემადგენლობა პერსპექტიულია და გუნდი კვირიდან კვირამდე უმატებს. ამ ეტაპზე ჩვენი უპირველესი ამოცანა პლეი ოფში გასვლაა.
– რატომ გადაწყვიტე, რომ გასულ ზაფხულს ეროვნულ ნაკრებში გეთმაშა და საქართველოს ევრობასკეტზე მოხვედრაში დახმარებოდი?
– გასული სეზონი არეულ-დარეული იყო ჩემთვის და მინდოდა, ზაფხულის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე წარმომადგენლობით მატჩში მიმეღო მონაწილეობა. საკვალიფიკაციო ეტაპმა კარგად ჩაიარა და ჩვენმა ნაკრებმა ევრობასკეტის საგზური მოიპოვა. ეს საქართველოსთვის ისტორიული შედეგია, რადგან ჩვენმა გუნდმა ზედიზედ მესამედ მოახერხა კონტინენტის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალს მეტი იმედით ვუყურებთ.
– საქართველო ევრობასკეტზე ჯგუფში საბერძნეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, მაკედონიასთან და ჰოლანდიასთან ერთად მოხვდა. რას იტყვით კენჭისყრაზე?
– ჯგუფი საკმაოდ ძლიერია, თუმცა ეს არ ყოფილ ჩვენთვის მოულოდნელი, რადგან ევროპაში საკმაოდ ბევრი კონკურენტუნარიანი ნაკრებია. იმედი მაქვს, ეროვნული ნაკრების ყველა წევრი ჯანმრთელი და ფორმაში მყოფი შეხვდება ევრობსკეტს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან წინა წლებში ტრავმების გამო არაერთი ძლიერი მოთამაშე გვაკლდა. ჩვენ გვსურს, ყველას დავანახოთ, რომ საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს.
– ის, რომ ტრავმის გამო 2013 წლის ევრობასკეტი გამოტოვე, ალბათ მომავალ ჩემპიონატზე თამაშის სურვილს გიორმაგებს…
– აბსოლუტური სიმართლეა. ეროვნულ ნაკრებში 16 წლიდან ვთამაშობ და ძალიან მიყვარს, როცა საქართველოს წარმოვადგენ. ყოველი ზაფხულის მოსვლა მახარებს, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყნის სახელი უნდა დავიცვა. საქართველო პატარა ქვეყანაა და როგორც ნაკრების კაპიტანი, მინდა ყველასთვის სამაგაგალითო ვიყო.