ფაჩულიამ საგამოფენო მატჩები “მემფისთან” გამარჯვებით გახსნა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ პირველი საგამოფენო მატჩი გამართა. სანამ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სეზონი დაიწყებოდეს, კალათბურთელები მოსამზადებელ მატჩებში იწრთობიან. „მილუოკი ბაქსმა“ „მემფის გრიზლისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 86:83 დაამარცხა.
მილუოკელები მატჩის მსვლელობისას 15 ქულით აგებდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედში ახალბედა ჯაბარი პარკერის ძალისხმევით გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. პარკერი მილუოკელებმა გასულ დრაფტზე მე-2 ნომრად აიყვანეს და პირველივე მატჩში დაინახეს, რომ არ შემცდარან. ფორვარდმა ჯაბარიმ 32 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
საუკეთესო კი მილუოკელთა ძირითად შემადგენლობაში ცენტრის პოზიციაზე მყოფი ლარი სანდერსი გახლდათ, რომელმაც 25 წუთში 10 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. ზაზა ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან ნასროლი სამივე ორქულიანი ააცილა, პირად აქტივში 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
მილუოკელები მომდევნო საგამოფენო მატჩს ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას, დეტროიტში „პისტონსთან“ ჩაატარებენ.