ფაჩულიას 16 ქულა,14 მოხსნა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება მედისონ სკვერ გარდენში
ზაზა ფაჩულია მატჩის საუკეთესო!
„მილუოკი ბაქსი“ გამარჯვებული!
ეს ყველაფერი დღეს, გამთენიისას, ნიუ იორკის განთქმულ „მეტისონ სკვერ გარდენში“ ჩატარებული მატჩის შედეგია. ქართველი ცენტრის წინამძღოლობით მილუოკელებმა „ნიუ იორკ ნიქსი“ 13 ქულის სხვაობით – 95:82 დაამარცხეს.
ფაჩულიას შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა სეზონის რიგით მეხუთე და ყველაზე მსუყე ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 14 მოხსნა. ამასთან ერთად ზაზას 3 პასი და 2 ჩაჭრაც ჰქონდა და საბოლოო სტატისტიკით ის მატჩის ყველაზე შედეგიან კალათბურთელად დასახელდა.
ფაჩულიამ ისევ უშეცდომოდ ესროლა საჯარიმოები და 4-დან 4-ივე ჩააგდო. თამაშიდან კი ზაზამ 12-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 16 ქულა დააგროვა. „ნიუ იორკთან“ მატჩში ფაჩულიას გვერდში ედგნენ გიანის ანტეტოკოუმპო (16 ქულა, 12 მოხსნა) და გუნდის ბომბარდირი ბრენდონ ნაითი, რომელმაც ამჯერად 17 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ ნიუიორკელებს აკლდათ და სეზონის ბოლომდე არ ეყოლებათ გუნდის ლიდერი კარმელო ენტონი, რომელსაც მუხლი აწუხებს. არ უთამაშია არც ამარე სტუდემაიერს, რომელსაც ასევე მუხლი სტკივა. მათ არყოფნაში ლიდერობა ტიმ ჰარდევეი უმცროსმა ითავა, რომელმაც მილუოკელებს 17 ქულა ჩაუგდო,
ტრადიცია გრელდება: „მილუოკი“ მოგებას წაგებას უნაცვლებს და პირიქით. ფაჩულიას გუნდის აქტივში 18 მოგება და 17 მარცხია. უკვე მერამდენე კვირაა, „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 საფეხურზეა და როგორც ჩანს, ამ პოზიციაზე ყოფნას კვლავ გააგრძელებს. მთავარი მიზანი კი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა, რაც პლეი ოფში თამაშის საგზურს იძლევა. მორიგი მატჩი მილუოკელებს 6 იანვარს, ფინიქსში, ადგილობრივ „სანსთან“ ელით.