ფაჩულიას გუნდს ლოს ანჯელესში “კლიპერსის” დამარცხებამდე მცირედი დააკლდა
დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერის „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ დამარცხებამდე სულ მცირედი დააკლდა „მილუოკი ბაქსს“. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლური ტურნე კალიფორნიაში, ფიცხელ ბრძოლაში დაასრულა. ლოსანჯელესურმა გუნდმა მილუოკელებს გამარჯვება ბოლო წუთებზე გამოჰგლიჯა.
„მილუოკი“ მატჩის უმეტეს დროს იგებდა. მეორე მეოთხედში 10 ქულითაც დაწინაურდა. ბოლო პერიოდში მასპინძლებმა მოახერხეს გათანაბრება და დაწინაურება, თუმცა ფაჩულიას გუნდი არ გატყდა და საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ბრენდონ ნაითის სამქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა – 102:102.
ბრენდონ ნაითმა საკვანძო სამიანი რამდენიმე წამში ააცილა, რაც გახდა კიდეც მილუოკელთა მარცხის მიზეზი – 102:106. „კლიპერსს“ კლის პოლმა ულიდერა, რომელმაც ბოლო 4 წუთში 9 ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი 27 ქულა და 9 პასი მიითვალა.
ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მთლიანობაში 20:09 წუთი გაატარა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიას 5 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა. მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 18 ქულა გიანის ანტეტოკოუმპომ მოაგროვა, ჯარედ დადლიმ და ჯარიდ ბელილისიმ თამაში 16-16 ქულით დაასრულეს.
14-14 მოგებ-წაგებით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე არიან და მდევარ „მაიამის“ გვარიანად უსწრებენ.
gbf.ge