ფაჩულიას “მილუოკი” აღმასვლას განაგრძობს: 3 ოვერტაიმი და გამარჯვება ბრუკლინში
ზაზა ფაჩულია და მისი „მილუოკი“ წარმატებულ სვლას აგრძელებენ. გუშინ „ნიუ იორკის“ დამარცხების შემდეგ დღეს „ხარირმებმა“ ბრუკლინში „ნეთსს“ უაღრესად დაძაბულ, 3 ოვერტაიმიან მატჩში 122:118 სძლიეს.
იმით, რომ შეხვედრაში 3 დამატებითი დრო დაინიშნა, მისი დაძაბულობის ხარისხზე ნათლად მეტყველებს. პირველი ოვერტაიმის ბოლო წამზე დასანანი ბურთი ააცილა ფარქვეშიდან ბრენდონ ნაითმა, რომლის ჩაგდების შემთხვევაში მილუოკელები იგებდნენ. ამის მიუხედავად, ფაჩულიას გუნდმა მაინც იპოვა ძალა და 63 წუთი თამაშის შემდეგ მასპინძელი „ბრუკლინი“ 4 ქულით დაამარცხა.
გამარჯვება ყველაზე მეტად ჯეისონ კიდს გაეხარდა. ადამიანს, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა შარშან „ბრუკლინში“ დაიწყო და წარუმატებელი შედეგების გამო გუნდიდან გაუშვეს. კიდი ბრუკლინში „მილუოკის“ მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და ყოფილ გუნდს დრამატულ შეხვედრაში მარცხი აგემა.
ზაზა ფაჩულია სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 5 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა. ზაზამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური მიიღო.
მილუოკელთა ძირითადმა ცენტრმა ლარი სანდერსმა მხოლოდ 14:26 წუთი ითამაშა და შეხვედრა 4 ქულითა და ამდენივე მოხსნით დაასრულა. გამარჯვებულთაგან 23 ქულით ბომბარდირი ახალბედა ჯაბარი პარკერი გახდა, 21 ქულა მიითვალა ოჯეი მაიომ, ხოლო საუკეთესოდ გიანის ანტეტოკოუმპო აღიარეს – 18 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა.
7 მოგებითა და 5 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე აღზევდა. წარმატებული სვლის გაგრძელებას მილუოკელები 21 ნოემბერს, ტორონტოში, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „რეპტორზთან“ ეცდებიან.