ფაჩულიას ორმაგი დუბლი და გამარჯვების მოხსნა-პასი (VIDEO)
ზაზა ფაჩულიას მორიგი შედეგიანი თამაში. „მილუოკის“ ქართელი ცენტრი ამჯერად უნივერსალურობით გამოირჩა და იმ დრამატული მომენტის ერთ-ერთი გმირი გახდა, რომელიც მატჩის ბოლო წამებზე გათამაშდა და რომლის წყალობითაც მილუოკელებმა თამაში 1 ქულით მოიგეს.
ბოლო წამებზე მცირე სასწაული მოახდინეს მილუოკელებმა, რომლებიც თამაშის დასრულებამდე 10 წამით ადრე 2 ქულით – 86:88 აგებდნენ და სადაო გდება მაიამელთა საჯარიმოსთან დაინიშნა. ბურთი მილუოკელებმა მოიგეს და ჯარედ ბეილისიმ სწრაფი გარღვევით შეუტია. ბურთი კალათს ასცდა და მის მოსახსნელად მებრძოლი კალათბურთელებისგან, ორომტრიალში, პირით ხაზს მიღმა ვარდებოდა, თუმცა ზაზა ხაზს მიღმა ბურთს ჰაერში მისწვდა და ისე, რომ იატაკზე არ დაშვებულა, პერიმეტრზე მდგომი კრის მიდლტონი მოძებნა. ზაზამ რომ ბურთი მოხსნა, საფინალო სირენამდე 2 წამი რჩებოდა, ხოლო მიდლტონმა რომ ბურთი ტყორცნა, სირენა იმ მომენტში გაისმა. გამარჯვების სამქულიანი მიზანში მოხვდა და მილუოკელებმა 89:88 იმარჯვეს.
ფაჩულია ამ დრამატული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას სამმაგ დუბლამდე 3 პასი, ხოლო ოთხმაგ დუბლამდე 3 პასი და 5 ჩაჭრა დააკლდა. შესაბამისად, ზაზამ 5 ჩაჭრა, 7 პასი, 11 მოხსნა და 14 ქულა დააგროვა. ზაზას ამ მსუყე მონაგრის შესაგროვებლად 33 წუთი ეყო. ქართველმა ცენტრმა 11-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. პასივში ფაჩულიას 3 დაკარგვა თუ ჩაეთვლება.
მილუოკელთაგან ფაჩულიას შემდეგ საუკეთესო შედეგი ერსან ილიასოვას ჰქონდა, რომელმაც 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. გიანის ანტეტოკოუმპომ 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. გამარჯვების ბურთის ჩამგდებმა მიდლტონმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
35 მოგებითა და 36 წაგებით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 26 მარტს, „ინდიასთან“ ელის.