ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ზაზა მჭედლიძე აირჩიეს
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში 21 დეკემბერს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოფარიკავე, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი და ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ზაზა მჭედლიძე აირჩიეს.
ფედერაციის სარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ხმის მიცემის უფლების მქონე 55 დელეგატი მონაწილეობდა, რომლებმაც ღია კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ზაზა მჭედლიძის კანდიდატურას, ფედერაციის პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა არჩილ გოგელიამ კი საკუთარი კანდიდატურა ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე მოხსნა, გოგელია ფედერაციის ახალი პრეზიდენტის პირადი მრჩეველი გახდა.
ფედერაციის ყრილობამ კენჭი უყარა გამგეობის ახალ შემადგენლობას, რომელიც 17 წევრით განისაზღვრა, გამგეობაში შევიდა 4 ახალი წევრი – დავით მაღრაძე, იმედა გამთენაძე, გიორგი კოკოჩაშვილი და ზურაბ ბოკუჩავა, ასევე დამტკიცდნენ ახალი ვიცე-პრეზიდენტები – მერაბ ბაზაძე, ირინე სხირტლაძე და როსტომ აბაშიძე, გენერალური მდივნის თანამდებობაზე კი კვლავ დავით სახვაძე გააგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი იური ოსიპოვი იქნება.
საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე საუბარი იყო 2012-2016 წლებში ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე იმსჯელეს ახალ წესდებაზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და 2017 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა შორის გამორჩეულია თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატი უფროსებს შორის.
2016 წლის მიწურულს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას აევე დაგეგმილი აქვს საქართველოს თასის ღია გათამაშება 22-25 დეკემბერს, სადაც ქართველი მოფარიკავეების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები, ტურნირი ფარიკაობის დარბაზში ჩატარდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური