ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” მადრიდის “რეალის” დამარცხებამდე ცოტა დააკლდა
ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდი“ ევროლიგის მორიგ ტურში ევროპის ერთ-ერთ გრანდ მადრიდის „რეალს“ შეხვდა და თანაბარ ბრძოლაში, ბოლო წამებზე – 98:101 დამარცხდა. ნოვგოროდელებს რომ კარგი გუნდი ჰყავთ, კიდევ ერთხელ დადასტურდა – აინარს ბაგაკისის გაწვრთნილ გუნდს მადრიდელების დამარცხებამდე მცირეოდენი დააკლდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხან – მეორე. მესამე პერიოდის შუაწელში ნოვგოროდელები 60:53 იგებდნენ, თუმცა მადრიდელებმა მოახერხეს ჯერ თამაშის გათანაბრება, შემდეგ კი წინაც გავიდნენ. რუსული კლუბი ბოლო წამებამდე ებრძოლებოდა „რეალს“, თუმცა საწადელის მიღწევამდე მცირედი დააკლდა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელიც წინა, ვითიბის ლიგის მატჩში სასტარტო ხუთეულში იყო, ამჯერად შეცვლაზე, 8:43 წუთი ითამაშა. ფაცაცია ძირითადად დაცვით იყო დაკავებული, თუმც 3 სამქულიანის სროლა მოასწრო, რომელთაგან, სამწუხაროდ, არც ერთმა არ მიაღწია მიზანს. საქართველოს ნაკრების წევრმა 2-დან 1 ორიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით და 2 მოხსნით დაასრულა.
ნოვგოროდელთაგან საუკეთესო 22 ქულისა და 8 პასის მიმთვლელი ტეილორ როჩესტი გახლდათ, ტერენს კინსლიმ 20 ქულა დააგროვა, სემიონ ანტონოვმა კი თავი 16 ქულას, 4 მოხსნას, 3 პასს და 3 დაფარებას მოუყარა. „რეალში“ 19 ქულით სერხიო როდრიგესი გამოირჩა, 15 დააგროვა ანდრეს ნოჩიონიმ, ხოლო სერხიო ლულმა თავი 10 ქულას და 8 პასს მოუყარა.
3 მოგებითა და 5 მარცხით „ნიჟნი ნოვგოროდი“ „ა“ ჯგუფში მე-4 ადგილზეა. თუკი დღეს ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი“ იტალიაში „დინამო სასარის“ დაამარცხებს, ნოვგორედელებს მე-5 ადგილზე ჩამოაქვეითებს. მომდევნო მატჩი ფაცაციას გუნდს 12 დეკემბერს, სტამბოლში „ეფესთან“ ელის.
gbf.ge