ფავრის პასუხი – რატომ ვერ ხვდება ჰოლანდი სასტარტო შემადგენლობაში?
მიმდინარე სეზონის აღმოჩენად უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ დორტმუნდის “ბორუსიაში” მოთამაშე ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც გერმანულ კლუბში გადასვლის შემდეგ ყველა მატჩში შეძლო გოლის გატანა.
ყველაფერი “აუგსბურგთან” შემდგარ სადებიუტო შეხვედრაში დაიწყო, სადაც 19 წლის ნორვეგიელმა ჰეთ-ტრიკის გაფორმება შეძლო. მიუხედავად შედეგიანობისა, ლუსიენ ფავრი მას სასტარტო შემადგენლობაში მაინც არ აყენებს, რაზეც “ბორუსიას” მწვრთნელმა პრესასთან ისაუბრა.
“მე ვარ პირველი ადამიანი, რომელიც წყვეტს დაიწყებს თუ არა ჰოლანდი თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან. თქვენ არ იცით მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ იმდენი, რამდენიც მე ვიცი.
რა თქმა უნდა, მინდა, რომ ის მუდამ მოედანზე გვყავდეს, მაგრამ ამ ფეხბურთელს ფრთხილად უნდა მოვექცეთ. ყველაფერი ცივ გონებაზე უნდა გადავწყვიტოთ.
ის ჯერ კიდევ 19 წლისაა, თუმცა წარსულში გარკვეული დაზიანებები ჰქონდა, რასაც უნდა მოვუფრთხილდეთ,” – აცხადებს ლუსიენ ფავრი.