ფეგულიმ “ინტერთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა
როგორც ჩანს, ალჟირელი ფეხბურთელი ესპანეთს ზაფხულში დატოვებს.
იტალიურ გაზეთ Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით, სოფიან ფეგულიმ “ვალენსიას” ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში, უარი განაცხადა.
აქედან გამომდინარე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, 25 წლის ალჟირელი შემტევი ნახევარმცველი რობერტო მანჩინის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
წყაროს თანახმად, მილანის “ინტერმა” ფეგულისთან ოთხწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ყოველწლიური ანაზღაურება სამი მილიონი ევრო იქნება.
აღსანიშნავია, რომ “ნერაძურის” გარდა, ალჟირელის შეძენით ასევე აქტიურად ინტერესდებოდნენ “რომა” და ლონდონის “არსენალი”.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ფეგულის ანგარიშზე “ღამურების” მაისურით ჩატარებული 17 მატჩი, ოთხი გოლი და ორი საგოლე პასია.