ფეხბურთელები, რომლებმაც მოურინიო ვერ მოხიბლეს (პირველი ნაწილი)
ჟოზე მოურინიომ გასულ უიქენდზე მორიგი ტიტული მოიპოვა. პორტუგალიელი მწვრთნელის ხელში ნებისმიერი გუნდი შედეგზე ორიენტირებული ხდება, რისთვისაც მწვრთნელს ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომელბიც მისი არასტანდარტული ჩანაფიქრების მოედანზე გადატანას შეძლებენ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მოურინიოს, ისევე როგორც ყველა დიდ მწვრთნელს, საკმაოდ ბევრ გამორჩეულ ფეხბურთელთან საქმიანი ურთიერთობა არ აეწყო.
ჰამიტ ალტინტოპი
2011 წლის მაისში “რეალმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბაიერნიდან” ჰამით ალტინტოპი გადაიბირა. სადებიუტო მატჩი მადრიდულ კლუბში მან სექტემბერში ჩაატარა, პირველი გოლი დეკემბერში გაიტანა, ხოლო სასტარტოში სადებიუტო შეხვედრა მხოლოდ იანვარში ითამაშა.
სეზონის დიდი ნაწილი თურქმა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რის შემდეგაც “გალათასარაიში” გადავიდა. მიუხედავად “რეალში” უქმად გაარებული დროისა, ალტინტოპმა მოურინიოზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა: “ის გამორჩეული მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთში კარგად ერკვევა. მოურინიოს ყველა მოთამაშე როგორც კარგ მეგობარს ისე იხსენებს. ეს არის მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელის უფროსი ძმა გახდეს”.
მოჰამედ სალაჰი
“ჩელსიმ” ეგვიპტელი 2014 წლის იანვარში “ლივერპულთან” ბრძოლაში გადაიბირა. სალაჰმა მოურინიოს ინტერესი “ბაზელში” 2013/14 წლები თამაშით მიიპყრო, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში შვეიცარულმა კლუბმა “ჩელსის” სწორედ მოჰამედის გოლებით დაამარცხა. ლონდონურ კლუბში სალაჰს საქმე კარგად არ წაუვიდა და მანაც კარიერა “ფიორენტინაში” გააგრძელა, სადაც მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
ხუან კუადრადო
კუადრადო “ჩელსიში” “ფიორენტინადა” გადავიდა, როელმაც კომპენსაციის სახით 26 მილიონთან ერთად სალაჰიც მიიღო. ტრანსფერის განხორციელების დღიდან ლონდონური პუბლიკა კუადრადო-აზარის მძლავრი დუეტის ნახვის მოლოდინში იყო, თუმცა სასწაული არ შედგა. კოლუმბიელმა სათადარიგოთა სკამზე ადგილი მყარად დამიკვიდრა და სასტარტოში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. თმცა, მოურინიოს მასზე ხელი საბოლოოდ არ ჩაუქნევია. “კუადრადოს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. იტალიური და ინგლისური ლიგები ერთმანეთისგან განსხვავდება. მას დრო სჭირდება” – განაცხადა პორტუგალიელმა.
ნური შაჰინი
შაჰინი “რეალში” გერმანიის ჩემპიონის და ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშის რანგში გადავიდა, თუმცა ნახევარმცველის ესპანური კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა. გარკვეულწილად ეს ტრავმის ბრალიც იყო, რომლის გამოც შაჰინმა სადებიუტო შეხვედრა ტრანსფერიდან მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ ჩაატარა. შედეგად – იჯარა “ლივერპულში” და “დორტმუნდში” დაბრუნება. შაჰინი “რეალში” გატარებულ პერიოდს ჩაგდებულად არ თვლის: “მოურინიოს თავკაცობით მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჩემთან ის ყოველთვის გულახდილი და სამართლიანი იყო და პირად საუბრებში ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდა”.
ლასანა დიარა
ფრანგმა “პორთსმუთი” “რეალზე” 2009 წლის იანვარში გაცვალა. მადრიდულმა კლუბმა საყრდენის სანაცვლოდ დაახლოებით 19 მილიონი გირვანქა გადაიხადა. თავიდან ლასი “რეალს” კარგად მოერგო და ადგილობრივების სიყვარულიც დაიმსახურა. თუმცა, 2010 წელს მოურინიოს მოსვლასთან ერთად დიარამ ძირითადში ადგილი დაკარგა, კონკურენცია სამი ხედირასთან წააგო და რუსეთში გადაბარგდა, სადაც მისი კარიერა საბოლოოდ დაინგრა.