ფეხბურთელები, რომლებმაც ტრანსფერის გამო გუნდში ვარჯიშზე უარი თქვეს

თარიღი: აგვისტო 7, 2018

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მატეო კოვაჩიჩმა “რეალში” ვარჯიშზე უარი თქვა. ხორვატ ნახევარმცველს კლუბის დატოვება სურს, ამ ხერხით კი ის მადრიდელებს “ჩელსის” წინადადებაზე დათანხმებისაკენ უბიძგებს.

“მარკამ” იმ ფეხბურთელების თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომლებმაც სხვა კლუბში გადასვლის მიზნით თავიან გუნდებში ვარჯიშზე უარი თქვეს.


1. დიეგო კოშტა

2017 წლის ზაფხულში კოშტამ კონტესაგან შეტყობინება მიიღო. “ჩელსი” ფეხბურთელის “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებდა, ამიტომ კოშტამ ბრაზილიაში გამგზავრება გადაწყვიტა იმ იმედით, რომ ლონდონელები მას მადრიდულ კლუბში ტრანსფერს დათანხმდებოდნენ. 2018 წლის იანვრამდე, თავდამსხმელმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში “ჩელსის” 21-წლამდე გუნდთან ერთადაც ივარჯიშა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი “ატლეტიკოში” გადაბარგდა.

2. უსმან დემბელე

“ბარსელონა” დემბელეს ნეიმარის შემცვლელად მოიაზრებდა. დორტმუნდის “ბორუსია” 100 მილიონზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებდა. დემბელემ ვარჯიში რამდენჯერმე გააცდინა. საბოლოოდ, ტრანსფერი მაინც შედგა – “ბარსელონამ” “ბორუსიას” 147 მილიონი ევრო გადაუხადა.

3. ფილიპე კოუტინიო

2017-18 წლების სეზონში “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კოუტინიოს შეძენა იყო. კატალონიელებმა “ლივერპულს” წინადადებით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მერსესაიდელებმა “ბარსელონა” ყველა ჯერზე უარით გაისტუმრეს. ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში გადასვლა თავადაც ძალიან უნდოდა, ამიტომ მან “ლივერპულში” ვარჯიშზე და თამაშზე უარი თქვა. იურგენ კლოპი პრესკონფერენციებზე ამბობდა, რომ ბრაზილიელ შემტევს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ კოუტინიოს უთამაშებლობის მიზეზი სწორედ ტრანსფერის სურვილი იყო. 2018 წლის იანვარში ტრანსფერი მაინც შედგა – კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა.

4. გარეტ ბეილი

გარეტ ბეილი “რეალის” ფეხბურთელი 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გახდა. ზაფხულში ბეილმა “ტოტენჰემის” სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ვარჯიშებსა და მატჩებში მონაწილეობა არ მიიღო. მაშინ ამის მიზეზად უელსელი ფეხბურთელის ტრავმა სახელდებოდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ბეილს “სამეფო კლუბში” გადასვლა სურდა და ვარჯიშების გაცდენით ლონდონელებს ტრანსფერისაკენ უბიძგებდა.

5. ლუკა მოდრიჩი

“ტოტენჰემის” პრეზიდენტთან ურთიერთობა ნებისმიერი ევროპული გრანდის ხელმძღვანელობას უჭირდა. 2011 წელს ლუკა მოდრიჩის შეძენა “ჩელსის” სურდა, თუმცა ლონდონური კლუბები ერთმანეთთან შეთანხმებას ვერ აღწევდნენ. იმ პერიოდში ხორვატმა ნახევარმცველმა ვარჯიში შეწყვიტა. მოდრიჩი 2012 წლის ზაფხულშიც ანალოგიურად მოიქცა, როცა “ტოტენჰემს” აშშ-ში არ გაჰყვა, საბოლოოდ, კი ის მალე “რეალის” ფეხბურთელი გახდა.

6. სერხიო აგუერო

2011 წელს აგუეროს “ატლეტიკოს” დატოვება სურდა. მადრიდელებმა რამდენიმე წინადადებაზე უარი თქვეს. “ატლეტიკო” სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპს იწყებდა, ფეხბურთელი კი არგენტინიდან გუნდს არ დაუბრუნდა. მალევე ის “მანჩესტერ სიტის” წევრი გახდა.

7. ფრანკ რიბერი

2009 წელს რიბერის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალთან ურთიერთობა დაეძაბა. ფრანგ ფეხბურთელს მადრიდის “რეალში” წასვლა სურდა. რიბერი ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში “ბაიერნში” ვარჯიშზე უარს აცხადებდა. საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა.

8. სესკ ფაბრეგასი

2011 წელს არსენ ვენგერი “არსენალის” ფანებს ამშვიდებდა და ამბობდა, რომ კლუბი ფაბრეგასის გაშვებას არ აპირებდა, თუმცა ფეხბურთელს “ბარსელონაში” დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა. მიუხედავად ვენგერის განცხადებებისა, 2011 წლის ზაფხულში ლონდონური კლუბი ერთდროულად ნასრიმ და ფაბრეგასმა დატოვეს. საერთოდაც, ესპანელმა ნახევარმცველმა “არსენალში” ვარჯიში შეწყვიტა, რის შემდეგაც, მალევე პეპ გვარდიოლას გუნდს შეუერთდა.

9. რონალდო

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა უვარჯიშებლობით საკუთარ კარიერაში ორ ტრანსფერ შეუწყო ხელი. პირველად ეს 1996 წელს მოხდა, როცა მას “პსვ ეინდჰოვენი” “ბარსელონაში” არ უშვებდა. 2002 წელს კი იგივე მილანის “ინტერში” გააკეთა, რის შემდეგაც “რეალს” შეუერთდა.

10. კარლოს ტევესი

2011 წელს, კარლოს ტევესს “მანჩესტერ სიტის” დატოვება უნდოდა, რის გამოც მან უარი თამაშზეც თქვა. ჩემპიონთა ლიგაზე, “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას რობერტო მანჩინიმ მას უთხრა, რომ უნდა გახურებულიყო, რის შემდეგაც შეცვლაზე შეიყვანდა, მაგრამ არგენტინელმა მწვრთნელის სიტყვები არაფრად ჩააგდო. ამ ინციდენტს მოყვა ის, რომ ტევესი სამშობლოში გაემგზავრა, სადაც ორი თვის განმავლობაში უმეტეს დროს გოლფის თამაშში ატარებდა, “სიტიში” კი აღარ ვარჯიშობდა. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ტევესი გუნდს დაუბრუნდა და პრემიერ ლიგის მოგებაც იზეიმა.

11. დანი ალვეში

2007 წელს, როცა ალვეშის შეძენა “ჩელსის” სურდა, ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “სევილიას” რიგებში თამაშზე უარი თქვა. მაშინ მარჯვენა მცველის გადაბირების სურვილს “ლივერპულიც” გამოთქვამდა, მაგრამ “სევილია” ცდილობდა, ბრაზილიელი კიდევ ერთი წლით შეენარჩუნებინა. 2008 წელს ალვეში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები