ფეხბურთის ფედერაცია უპრეცენდენტო პროექტს იწყებს
უეფას სერტიფიკატი საფეხბურთო მენეჯმეტში – ქართული გამოშვება – ასე ეწოდება უეფას იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელის მასპინძელიც საქართველო იქნება. პროექტი ხორციელდება უეფას წევრი ნაციონალურ ასოციაციები თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული სრულყოფისათვის.
აღნიშნული პროექტი შექმნილია ფეხბურთის ფედერაციისა და სხვა საფეხბურთო ორგანიზაციებისთვის (პროფესიული კლუბები, რეგიონალური ფედერაციები, ვეტერანი ფეხბურთელები, მსაჯები და ა.შ.). პროექტის ორგანიზატორებმა: ბაქარ ჟორდანიამ, თამარ ჭიჭინაძემ და თაატა ბურდულმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრეს მნიშნველოვანი სიახლის შესახებ.
კურსები 2014 წლის ივლისში დაიწყება და 2015 წლის მარტამდე გასტანს. სასწავლო პროგრამა შედგება როგორც დისტანციური (ინტერნეტით), ასევე თბილისში ჩატარებული ლექციების სახით. ლექციები საფეხბურთო ორგანიზაციის მართვის სხვადასხვა ასპექტებს შეეხება:
– საფეხბურთო ორგანიზაცია
– სტრატეგიული მენეჯმენტი
– მართვის მენეჯმენტი
– საფეხბურთო მარკეტინგი და სპონსორობა
– კომუნიკაცია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობები
– ღნისძიებათა და მოხალისეთა მენეჯმენტი
კურსის დამთავრების შემდეგ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაიცემა უეფას სერტიფიკატი და სტუდენტს ევროპული უნივერსიტეტების მიერ აღიარებული 10 კრედიტი მიენიჭება.
სწავლა უფასოა, მის დაფინანსებას საკუთარ თავზე უეფა და ფეხბურთის ფედერაცია იღებენ. საქართველოს გარდა, აღნიშნულ პროექტში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში პირველად სწორედ ჩვენს ქვეყანაში ტარდება, მონაწილეობას სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ურაინის და ყაზახეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ. თუმცა, 35 ადგილიდან უმრავლესობა საქართველოს წარმომადგენელი იქნება.
მსურველებს აპლიკაციის შევსება ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე 28 მარტამდე შეუძიათ. საფეხბურთო გამოცდილებასთან ერთად საჭიროა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნაც. სამომავლოდ მსგავსი პროექტის განხორციელება ქართულ ენაზეც იგეგმება.