ფეხბურთის ფედერაცია ახალ ფორმასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია შედგა, რასაც საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განმარტება გაავრცელა.
2014 წლის პირველ საერთაშორისო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 მარტს, ლიხტენშტაინის ნაკრების წინააღმდეგ adidas-ის ახალი ფორმით ჩაატარებს.
“adidas”-ის ფორმებთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი და მოსაზრება გამოითქვა, რაზეც გვსურს გარკვეული განმარტება გავაკეთოთ:
როგორც იცით 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი უეფას მიერ ცენტრალიზებული მარკეტინგული სისტემით ჩატარდება, რაც ერთიან მარკეტინგულ სისტემაში ჩართული ფედერაციების მიერ შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას გულისხმობს. უეფასა და ადიდასის თანამშრომლობით, მოხდა ერთიანი კატალოგის შექმნა და შესაბამისი ფორმის კონკრეტული ფედერაციებისათვის შეთავაზება. ასე მოხდა სფფ-ის შემთხვევაშიც.
ცენტრალიზებულ მარკეტინგულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად პარალელურად 2013 წლის თებერვალში დაიწყო სფფ-ის რებრენდინგის პროცესიც.
რომელიც ამ დროისათვის დასკვნით ეტაპზეა და ამ მნიშვნელოვან პროექტზე უეფასა და საერთაშორისო დიზაინერულ კომპანიასთან ერთად ერთი წელია ვმუშაობთ. რებრენდინგის პროცესი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დასრულდება. სწორედ ამიტომ, პროექტის დასრულებამდე და ძველიდან ახალ სიმბოლიკაზე გადასვლამდე, მივიღეთ გადაწყვეტილება ნაკრების სათამაშო ფორმისთვის გვესარგებლა სახელმწიფო გერბით. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ნაკრების მაისურზე საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. მისი ზომა კი, შესაბამისი საერთაშორისო რეგულაციით არის განსაზღვრული (UEFA Kit Regulation 2012) და იგი სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.
რაც შეეხება სათამაშო ფორმის ფერს: ნაკრებს აქვს ორი ფერის მაისური – წითელი თეთრი ზოლებით და მეორე – თეთრი ციწფერი ზოლებით. სწორედ თეთრი ფერის მაისურით ითამაშებს 5 მარტს ჩვენი გუნდი პირველ მატჩს. რაც შეეხება ცისფერ ფერს, იგი მიმდინარე რებრენდინგის ერთ-ერთი მიმართულებაა და ახალ სიმბოლიკაში აისახება” – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.