ფეხბურთის წესებში ბოლო 80 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა იგეგმება
The Times საფეხბურთო სამყაროს ფეხბურთის წესებში ბოლო 80 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ აცნობებს. როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრან ერთ-ერთი ყველაზე სადავო პრობლემა.
საქმე იმ ეპიზოდის განსჯას ეხება, როდესაც მოედნის ფეხბურთელს ბურთი ხელზე ხვდება. აქამდე განარჩევდნენ ორ შემთხვევას – თუ ფეხბურთელი განძრახ თამაშობდა ბურთზე ხელით პენალტი ინიშნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა.
ბუნებრივია, რომ წესის თავისებურებებიდან გამომდინარე, მსგავს ეპიზოდს არაერთხელ მოჰყოლია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც კი. ამიტომაც, ამიერიდან მნიშვნელობა არ ექნება, განძრახ მოხვდება ფეხბურთელს ხელზე ბურთი თუ უნებლიედ, ის მაინც დაისჯება.
“ბოლო დროს მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, დავფიქრდით, უნდა დაინიშნოს თუ არა ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს ბურთი შემთხვევით მოხვდება ხელზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელზე ყოველი შეხებისას ჯარიმა დაინიშნება, რადგანაც ეს ფეხბურთს გაანადგურებს,” – აცხადებს ყოფილი მსაჯი დევიდ როლანდ ელირეი, რომელიც ამჟამად აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობს.
ამის შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (IFAB) მმართველები საბოლოო გადაწყვეტილებას მარტში, შოტლანდიის ქალაქ აბერდინში გასამართ შეხვედრაზე მიიღებენ.