ფეხბურთში სამი ახალი წესი ინერგება
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფიფა ხშირად ფეხბურთის ახალ წესებს გამოცდის. გამონაკლისი არც წლევანდელი ტურნირია, რომელიც უკვე დაიწყო. ორი წლის წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვიდეორეფერი გამოიყენეს, ამის შემდეგ კი ეს სისტემა ევროპულ ფეხბურთში, ცოტათი მოგვიანებით კი მუნდიალზეც დაინერგა.
სამი ახალი წესი
მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სამ ახალ წესს ცდიან. იმ შემთხვევაში, თუ ეს წესები მოწონებას დაიმსახურებს, ისინი ძალაში ოფიციალურად მარტში შევა.
1. ამჟამინდელი წესების თანახმად, როცა კარიდან დარტყმა ინიშნება და მეკარეს ბურთი თამაშში შეჰყავს, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მისი საჯარიმოს გარეთ უნდა იყოს და ბურთიც საჯარიმოს ფარგლებს მიღმა უნდა მიიღონ. ახალი წესის თანახმად, ფეხბურთელები კვლავაც საჯარიმოს გარეთ უნდა იყვნენ, თუმცა როცა მეკარე ბურთს შეეხება, მათ საჯარიმოში შესვლა და ბურთის იქ მიღება შეეძლებათ.
2. მოგეხსენებათ, როცა მატჩის მიმდინარეობისას ცვლილება კეთდება, მოთამაშე მოედანს შუა ნაწილიდან ტოვებს. ახალი წესის თანახმად, ფეხბურთელმა მოედანი უახლოესი წერტილიდან (ხაზი, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს) უნდა დატოვოს. ამით ფიფა დროის გაყვანის თავიდან არიდებას ცდილობს.
3. ფეხბურთელი, რომელსაც გააძევებენ მომდევნო მატჩს ნებისმიერ ტურნირზე გამოტოვებს. მაგალითად, თუ მოთამაშე წითელ ბარათს ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს, ის მომდევნო შეხვედრას შიდა ჩემპიონატში გამოტოვებს.