ფეხბურთში ვიდეორეფერის ტესტირება ოფიციალურად გადაწყვიტეს
უახლოეს წლებში ფეხბურთში ვიდეოგამეორებებს ექსპერიმენტალურ დონეზე გამოიყენებენ.
ეს გადაწყვეტილება საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს (IFAB) სხდომაზე მიიღეს. როგორც მოგეხსენებათ, IFAB ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ფეხბურთში ცვლილებების შეტანის უფლება გააჩნია. IFAB-ის წევრები არიან ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და ფიფა.
სხდომას ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოგამეორებებს არაუგვიანეს 2017-2018 წლების სეზონიდან დანერგავენ. ინიციატივით დაინტერესება თორმეტმა საფეხბურთო ასოციაციამ და ერთმა კონფედერაციამ გამოთქვა.
ვიდეორეფერის დახმარებას თამაშგარე მდგომარეობის, გაძევებისა და პენალტის ეპიზოდებში გამოიყენებენ. გარდა ამისა, ვიდეოგამეორებას მიმართავენ იმ შემთხვევაშიც, თუ მსაჯი უდანაშაულო ფეხბურთელს შეცდომით ბარათს უჩვენებს.
“ეს ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა. დისკუსია მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ იდეა ხორციელდება. ჩვენ ვუსმენთ ფეხბურთს”, – განაცხადა ინფანტინომ.