“ფენერბაჰჩე” ვალებში იხრჩობა და ფანებს ფულის შეგროვებას თხოვს
“ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავს. ეს ყოველივე მესუთ იოზილის ტრანსფერთანაც არის დაკავშირებული.
Bild-ის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი ალი კოჩი ფანებს ასეთი გზავნილით მიმართავს – “გულშემატკივრებთან სათხოვარი გვაქვს. თუ შეიძლება, გააგრძელეთ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენ თქვენ ფინანსურ მხარდაჭერაზე ვართ დამოკიდებული.
იოზილის ტრანსფერის დღეს გთხოვთ, რომ სმს-კამპანიის რეკორდი დავამყაროთ. შესაძლოა, ეს იყოს 300 ათასი, 500 ათასი ან მილიონი მესიჯი. ამით ძალიან დაგვეხმარებით. შემდეგ კი ვიცი, რომ ძალიან ბევრი მაისური გაიყიდება იოზილის სახელით.”
აღსანიშნავია, რომ თანხის გადასარიცხად გულშემატკივრებმა მესიჯი კოდ 1907-ზე უნდა გააგზავნონ, რაც “ფენერბაჰჩეს” დაარსების წელს მიუთითებს. კლუბი ამ გზით დაახლოებით 2 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ამასთან ერთად “ფენერბაჰჩე” დაახლოებით ერთი მილიონის ოდენობის მაისურების გაყიდვას ელის.
“ფენერბაჰჩეს” ამ დროისთვის 520 მილიონი ევროს ოდენობის ვალი უგროვდება.