ფერგიუსონი: „გეტყვით, როდის დაკარგა ბექჰემმა ფეხბურთზე აქცენტი“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მაშინ შეიცვალა, როდესაც მან ვიქტორია ადამსი ცოლად შეირთო. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, გამორჩეული სპორტსმენიდან დევიდი ჩვეულებრივ სახედ იქცა.
„როდესაც ბექჰემს პირველად შევხვდი, ის 12 წლის იყო. მაშინ მას ფეხბურთის თამაშის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, უნდოდა, რომ მაღალ დონეზე ეთამაშა. ის გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელიც მუდმივად ვარჯიშობდა და უკეთესობისკენ მიიწევდა. მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც „The Spice Girls“-ის ერთ-ერთ გოგოს შეხვდა. მან თავისი პრიორიტეტები შეცვალა. სპორტსმენი დევიდისგან ცნობილი სახე მივიღეთ. მან ფეხბურთზე აქცენტი დაკარგა. შემდეგ ჩვენ ის მადრიდის „რეალში“ გავყიდეთ, სადაც ასევე კარგად თამაშობდა, თუმცა ვერაფრით ამიხსნია, რატომ წავიდა „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“. მე იქ არასდროს წავიდოდი. მწვრთნელის რანგში ყველაფერი გავაკეთე, რომ ბექჰემს ისეთ კლუბებში ეთამაშა, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“. ამის შემდეგ დევიდმა კვლავ შეცვალა თავისი ცხოვრება. მოხვდა ინგლისის ნაკრებში და ევროთასებზე „მილანის“ ღირსებას იცავდა. ის ყველა მხრივ გასაოცარი ფეხბურთელია. ეჭვგარეშეა, რომ ბექჰემი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ნამდვილი ხატია“, – ფერგიუსონის სიტყვები ბრიტანულმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა.