ფერგიუსონი: “რონალდუ ჰეთთრიკებს ნებისმიერ გუნდში გაიტანდა, მესი – არა მგონია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ და “ბარსელონას” წამყვანი მოთამაშე ლიონელ მესი ერთმანეთთან შეადარა. შოტლანდიელის თქმით, მისი თავკაცობის პირობებში არცერთ ფეხბურთელს არ განუცდია ისეთი პროგრესი, როგორიც – რონალდუს.
“იუნაიტედში” ჩემი მუშაობის პერიოდში რონალდუმ დიდი პროგრესი განიცადა. ის ჩვენთან 17 წლის ასაკში მოვიდა, გამხდარი იყო. მას მუდმივად აკრიტიკებდნენ სიმულაციისა და სხვა მიზეზების გამო, თუმცა როდესაც ვარჯიშებზე თანაგუნდელებმა მისი დახმარება დაიწყეს, რონალდუ საოცარი მოთამაშე გახდა. დიდი ფეხბურთელებისთვის გადაწყვეტილების მიღების უნარი და მუდმივი პროგრესი უმთავრესია.
ხალხი ბევრს კამათობს იმაზე, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. ბევრი სრულიად სამართლიანად ასახელებს მესის. ძნელია, ამ მოსაზრებას შეეწინააღმდეგო. რონალდუ “მილუოლში, “ქუინს პარკ რეინჯერსში”, “დონკასტერსა” და ნებისმიერ გუნდში ითამაშებდა, გაიტანდა ჰეთთრიკებს. არა მგონია, მესის იგივე შეეძლოს.
რონალდუ ორივე ფეხით თამაშობს, სწრაფია, გამბედავია, დიდებულად მოქმედებს მეორე სართულზე. ჩემი აზრით, მესი მხოლოდ “ბარსელონას” ფეხბურთელია. ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ”, – განაცხადა ფერგიუსონმა BBC-ს ეთერში.