ფერნანდო რიქსენი საზოგადოებას მის “ბოლო საღამოზე” ეპატიჟება (ვიდეო)
“რეინჯერსისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო რიქსენმა სოციალურ ქსელში სულისშემძვრელი ვიდეო გამოაქვეყნა. 42 წლის ჰოლანდიელი საჯაროდ ბოლოჯერ გამოჩნდება და საზოგადოებას მის “ბოლო საღამოზე” ეპატიჟება.
რიქსენი ბოლო ექვსი წელია მამოძრავებელი ნეირონების დაავადებას ებრძვის. მას სასაუბროდ სპეციალური კომპიუტერის დახმარება სჭირდება. ის ახლა შოტლანდიაში, წმინდა ენდრიუს სახელობის ჰოსპისში იმყოფება.
“გამარჯობა. 28-ში განსაკუთრებულ საღამოს ვმართავ. ჩემთვის ბრძოლა სულ უფრო რთული ხდება, ეს ჩემი ბოლო ღამე იქნება. მოდით და გავხადოთ ეს საღამო დასამახსოვრებელი. იმედი მაქვს, მალე გნახავთ. ფერნანდო”, – ამბობს რიქსენი სპეციალური მოწყობილობის დახმარებით.
საღამო საქველმოქმედო ხასიათის იქნება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 70 ფუნტია. რიქსენი თანხას იმ ადამიანებისათვის აგროვებს, ვისაც მისი მსგავსი დაავადება აქვს. მამოძრავებელი ნეირონების დაავადება გავლენას ტვინსა და ნერვულ სისტემაზე ახდენს. მას გადაადგილება და საუბარი სპეციალური მოწყობილობის გარეშე არ შეუძლია. ეს დაავადება არ ინკურნება.
ფერნანდო რიქსენი წლების მანძილზე “რეინჯერსში” შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელი იყო. მას “ალკმაარსა” და სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” უთამაშია, კარიერა კი ჰოლანდიურ “ფორტუნაში” დაასრულა.
With a heavy heart I post this lets make this a special night for Fernando pic.twitter.com/C8octfW8NU
— Ricksen my friend/pauline (@broxi63) June 9, 2019