ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-8 ადგილამდე ავიდა
საქართველომ 3X3 კალათბურთის მსოფლიო რეიტინგში რეკორდულ, მე-8 ადგილამდე აიწია. ფიბა-მ ახალი რეიტინგი დღეს გამოაქვეყნა, მანამდე კი ჩვენს ქვეყანას კლასიფიკაციაში მე-13 ადგილი ეკავა.
რეიტინგში დაწინაურება პირდაპირაა დაკავშირებული იმ აქტივობებთან, რომლებსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ახორციელებს. შემოდგომის მიწურულიდან 3X3 კალათბურთში დიდი აქტიურობა არაა ხოლმე და ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ამ სფეროში ფედერაცია გადადგამს, რეიტინგზე აისახება.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ ფიბა-ს სპეციალური ტესტირება გაიარა და ამ სფეროს მენეჯერის სტატუსი მიენიჭა.
3X3 კალათბურთში ტურნირები მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება და საქართველოც მსოფლიო საკალათბურთი ფერხულში აქტიურად ჩაებმება. იგეგმება ფიბა-ს კალენდარში რამდენიმე ტურნირის ჩასმა, რომელიც საქართველოში გაიმართება და ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო გაზრდის.
gbf.ge