ფილიპ ლამი: ”მესიმ ოქროს ბურთი დაიმსახურა, თუმცა ფორმატი უნდა შეიცვალოს”
მიუნხენის ”ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა “ოქროს ბურთის” შესახებ ისაუბრა. გერმანელი უკანახაზელის განცხადებით, მესიმ პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, თუმცა იგი გამარჯვებულის გამოვლენის ფორმატის შეცვლის მომხრეა.
”როგორ შეარჩევენ მომავალში ოქროს ბურთის მფლობელს? ალბათ ”ფეისბუქით”. ეს ყველაზე თანამედროვე გზა იქნება. შედეგს კი ისევ მსგავსს მივიღებთ. სამი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ”ფეისბუქზე” რონალდო, მესი და ნეიმარი არიან. უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ ისინი ფანტასტიური ფეხბურთელები არიან და სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრა დაიმსახურეს, მაგრამ ხშირად მიჩნდება კითხვა, როგორ ავლენენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს? როდესაც საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზეა, თავდაპირველად, მისი მოგებული ტიტულები უნდა გავითვალისწინოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ნაკრებში მიღწეულ წარმატებასაც უნდა მიენიჭოს და შანსი ამ ფეხბურთელებსაც გაუჩნდეთ.”
ასევე, ლამმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ოქროს ბურთს ხშირად შემტევი ფეხბურთელები იგებენ, რაც უსამართლობაა.
”ფაბიო კანავარო ის მცველია, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება დაიმსახურა. დაუვიწყარმა ნახევარმცველმა ლოთარ მათეუსმა ეს ჯილდო 1991 წელს მოიპოვა. ასევე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ ზინედინ ზიდანი გახდა. ოლივერ კანი შესანიშნავი მეკარე იყო, ახლა კი ერთ-ერთი საუკეთესო მანუელ ნოიერია, თუმცა 1963 წლის შემდეგ, რაც ოქროს ბურთი ლევ იაშინმა მოიპოვა, სცენაზე გამარჯვებულის რანგში არცერთი მეკარე არ ასულა. დღეს გამარჯვების მოპოვება იმ ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომლებიც ბევრ გოლს გაიტანენ. რა თქმა უნდა, ბავშვების გმირები ის ფეხბურთელები ხდებიან, რომლებიც ბურთს ბადეში მოათავსებენ და ლამაზ გოლს გაიტანენ, მაგრამ ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე ერთი მომენტის ტრიუმფი. ფეხბურთი გუნდურობა, ერთიანობა, დაცვა და მსხვერპლშეწირვაა.”
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვება 11 იანვარს გაიმართა და მისი მფლობელი არგენტინელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც თანაგუნდელ ნეიმარსა და მადრიდის ”რეალის” შემტევ კრიშტიანო რონალდუს აჯობა.