ფილიპე ბუსტო: “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “დინამოსთან” განმეორებით მატჩს აზრი ჰქონდეს”
11 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის “დინამო” ანდორულ “ენგორდანს” დაუპირისპირდები. მატჩამდე ერთი დღით ადრე, “ენგორდანის” მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპე ბუსტომ, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი დიდი კლუბის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. მართალია, გარკვეული იმედებით ვეწვიეთ თბილისს, თუმცა ჩვენთვის მთავარი მიზანი მათთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევაა.
სამწუხაროდ, ჩვენ გუნდის რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი ტრავმირებულია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა ძალას წარმოადგენს თბილისის “დინამო”. ვეცდებით, ყველაზე მეტად მათი კონტრ-იერიშებისგან დავიცვათ თავი.
თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, თუ ჩემს გუნდს 90 წუთის მანძილზე დაცვაში ჩადგომას მოვთხოვთ. ვეცდებით ლაღი ფეხბურთის ხარჯზე შევძლოთ მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ განმეორებით მატჩში გადაწყდეს ყველაფერი.
თბილისმა ჩვენ გუნდზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. რამდენიმე ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილი მოვინახულეთ და ქართული კერძებიც დავაგემოვნეთ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ანდორასა და საქართველოს სპორტის მხრივ კავშირები გააჩნია, ასე რომ, თქვენ ქვეყანას ძალიან კარგად ვიცნობთ,” – აცხადებს ფილიპე ბუსტო.