ფილიპო ინძაგი: “ორივე ძმამ მოვიგეთ, მამა ტიროდა”
გუშინ ფილიპო ინძაგიმ “ბენევენტოს” მთავარი მწვრთნელის რანგში იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. მისმა დამოძღვრილმა გუნდმა გასვლაზე გენუის “სამპდორია” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. “ბენევენტო” 33-ე წუთისთვის ანგარიშით 0:2 აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. მოიგო ფილიპოს ძმამ, სიმონე ინძაგიმაც, რომლის ხელმძღვანელობითაც რომის “ლაციომ” სტუმრად “კალიარი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
“ჩვენ ვმარცხდებოდით და ამ დროს გადავხედე, რას შვრებოდა ჩემი ძმის “ლაციო”. ვნახე, რომ მათ გოლი გაიტანეს და ძალიან გამიხარდა. სიმონე ყველა ჩვენგანისთვის, ყველა მწვრთნელისთვის მისაბაძი ფიგურაა. ორივე ჩვენგანისთვის მშვენიერი დღე გამოვიდა, ორივემ გავიმარჯვეთ. მატჩის შემდეგ მამას ველაპარაკე, ის ტიროდა”, – თქვა ფილიპო ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ ფილიპო ინძაგის მიერ დამოძღვრილი “ბენევენტო” გასულ სეზონში სერია B-ს გამარჯვებული გახდა და იტალიის ელიტურ დივიზიონში ისტორიის განმავლობაში მეორედ გადავიდა (პირველად 2017-2018 წლების სეზონში).