ფილიპო ინძაგი: “სკუდეტოს ბედი უკვე გარკვეულია”
“მილანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი, რომელიც ახლა სერია C-ს ბინადარ “ვენეციას” თავკაცობს, აცხადებს, რომ სერია A-ში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს.
“სერია A-ს თუნდაც “მილანის” გამო ვაკვირდები, ეს გუნდი ხომ ჩემი ისტორიაა. ვინჩენცო მონტელას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
“ლაციოს” ჩემი ძმა წვრთნის, რომელსაც კარგ სპეციალისტად მივიჩნევ. სამწუხაროდ, გუნდმა კანდრევას სახით დიდებული ფეხბურთელი დაკარგა და რომაელები მხოლოდ კეიტა ბალდეს იმედზე ვერ იქნებიან, თუმცა პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება და შემდეგ “იუვენტუსთან” ჩატარებული კარგი შეხვედრა გვიდასტურებს, რომ “ლაციო” მხედველობაში უნდა ვიქონიოთ.
პრაქტიკულად ყველა გუნდს ვაკვირდები. ვფიქრობ, რომ ამ სეზონში “იუვენტუსი” უკონკურენტოა, ეს გუნდი უბრალოდ სხვა დონზე დგას.
ჩემი აზრით, სკუდეტოს ბედი უკვე გარკვეულია, მთავარი ბრძოლა კი მეორე ადგილისთვის გაჩაღდება”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia.