ფილიპო ინძაგის „მილანს“ ჩააბარებენ?
Goal.com-ის ცნობით, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდული გუნდის თავკაცის, ფილიპო ინძაგის კანდიდატურას განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ „როსონერის“ ამჟამად კლარენს ზეედორფი ხელმძღვანელობს.
ახალგაზრდა ჰოლანდიელ სპეციალისტს კლუბი მას შემდეგ ჩააბარეს, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლეს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანის“ ხელმძღვანელობა კლუბის თავკაცის პოსტზე „სევილიას“ თავკაცის, უნაი ემერის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ ინძაგი „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდს 2012 წლიდან თავკაცობს. 40 წლის მწვრთნელი მოთამაშის რანგში „მილანის“ ღირსებას 2001-2012 წლებში იცავდა. მან გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო სერია A და ჩემპიონთა ლიგა.
ბექა დოგრაშვილი