ფიფა “ლივერპულს” 2 მილიონ ფუნტს გადაუხდის
ამის მიზეზი ჯო გომესის ტრავმაა. “ენფილდროუდელთა” 23 წლის მცველმა ეროვნული გუნდის ბანაკში მუხლი დაიშავა, რის გამოც ლაზარეთში ყოფნა დიდი ხნით მოუწევს. ფეხბურთელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ვარაუდობენ, რომ ის მინდორს მიმდინარე სეზონის ბოლოს დაუბრუნდება. როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ გუნდებში გამოძახებული ფეხბურთელები ფიფას მიერ დაზღვეულები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ გომესი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს, მის ხელფასს “ლივერპულის” ნაცვლად მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო დაფარავს. გომესის ანაზღაურება კვირაში 80 ათასი ფუნტია, “დეილი მეილმა” კი გამოთვალა და დაადგინა, რომ ინგლისელი მოთამაშის დაბრუნებამდე ფიფას ორი მილიონი ფუნტ სტერლინგის გადახდა მოუწევს.
როგორც მოგეხსენებათ, “ლივერპულს” სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: გუნდს დიდი ხნის ვადით გამოაკლდა ვირჯილ ვან დეიკი, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაიგლიჯა. ტრავმირებულია “წითლების” ნახევარმცველი ფაბინიოც.