ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთა რაოდენობის 48-მდე გაზრდას განიხილავს
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართეველი ორგანო მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდას განიხილავს.
“ჩანაფიქრის მიხედვით, 16 ნაკრები განთესილი იქნება, დანარჩენი 16 ადგილისთვის კი 32 გუნდი შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში იბრძოლებს. შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 ნაკრები ითამაშებს, თუმცა მთლიანობაში ეს გამოვა ფეხბურთის ზეიმი, რომელშიც 48 გუნდი იქნება ჩაბმული. ფიფაში ამ საკითხს განვიხილავთ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას 2017 წლისთვის მივიღებთ. განვიხილავთ და გავერკვევით, რომელი ვარიანტი იქნება უკეთესი.
ფიფას იდეა გულისხმობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთის განვითარებას, მსოფლიოს ჩემპიონატი კი ყველაზე მსხვილი მოვლენა გახლავთ. მუნდიალი უფრო დიდი რამ არის, ვიდრე კონკურენცია. მსოფლიოს ჩემპიონატი არის სოციალური მოვლენა”, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს Times Of Malta.