ფიფამ 2018 წლის მუნდიალის რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა
ფიფამ 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა. ახალი წესის თანახმად, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ერთ-ერთ კრიტერიუმად ფეარ-პლეის რეიტინგი განისაზღვრება. შესაბამისად, თანაბარქულიანი გუნდებიდან უპირატესობა იმ ნაკრებს მიენიჭება, რომელსაც მოცემულ მომენტში ნაკლები ყვითელ-წითელი ბარათი ექნება მიღებული, თუმცა პირველ კრიტერიუმად კვლავაც გატანილ და მიღებულ ბურთთა სხვაობა, მეორე კრიტერიუმად კი ურთიერთშეხვედრები რჩება.
გარდა ამისა, ტურნირზე მონაწილე ყველა გუნდი ვალდებულია, რომ მეკარის დამატებითი ფორმა ჰქონდეს, რომელზეც არც ნომერი და არც გვარი არ იქნება გამოსახული. ეს ფორმა იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ კარში მოედნის მოთამაშე ჩადგება.
ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონებზე ტურნირის დაწყებამდე ორი თვით ადრე მუსიკალური კონცერტების ჩატარებაც აკრძალა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ტურნირის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტიც მიიღებს.