ფიფამ არგენტინა დააჯარიმა
ფიფამ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია 300 ათასი შვეიცარული ფრანკით (247 050 ევრო) დააჯარიმა.
როგორც ირკვევა, „ალბისელესტემ“ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რეგლამენტი დაარღვია. კერძოდ, საუბარია პრესასთან ურთიერთობის წესზე.
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დისციპლინურმა კომიტეტმა საქმის მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც არგენტინელებმა მიჯრით მესამედ დაარღვიეს წესი. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებს გუნდის მხრიდან მხოლოდ მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ესწრებოდა, როცა მასთან ერთად მინიმუმ კიდევ ერთი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა ნიგერიის (3:2), შვეიცარიის (დ.დ. 1:0) და ბელგიის (1:0) ნაკრებების წინააღმდეგ გამართული მატჩების შემდეგ მოხდა. ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრამდეც (0:0, პენ 4:2).
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს არგენტინის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.