ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საფრანგეთი მხარს ინფანტინოს დაუჭერს
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას დაუჭერს.
“საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას დაუჭიროს. მის კანდიდატურას ხმა აღმასკომის 12-დან 11 წევრმა მისცა.
ჯანის წარმატებულად მუშაობისთვის ყველა აუცილებელი თვისება აქვს. მას გააჩნია გამოცდილება, ნიჭი, რწმენა და არის შრომისმოყვარე. ინფანტინომ ეს უეფას გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის პერიოდში გამოავლინა.
ინფანტინოს პროგრამა მოიცავს განვითარების გონივრულ და სწორ მიმართულებას. იგი გულისხმობს ფიფას იმიჯის ამაღლებას, ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზე, საგანმანათლებლო ღირებულებებსა და მსოფლიოში ფეხბურთის ერთიანობაზე.
ჯანის სურს, რომ ფიფას 209-ვე ფედერაციაში დემოკრატია და თანასწორობა დაამყაროს”, – ნათქვამია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 26 თებერვალს ჩატარდება.