ფლორენტინო პერესი ზაფხულში კილიან მბაპეს ყიდვას გეგმავს
გავლენიანი ესპანური გამოცემა As ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენის” ფრანგი სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს, ყიდვა აქვს განზრახული.
როგორც ცნობილი ხდება, კლუბის ხელმძღვანელების უმეტესობა თვლის, რომ “რეალი” ზამთარში კრისტიან ერიქსენის, ბრუნო ფერნანდეშის ან დონი ვან დე ბეკის ტრანსფერით უნდა გაძლიერდეს.
თუმცა ამგვარად არ ფიქრობს ფლორენტინო პერესი და მზადაა მხოლოდ მბაპეს ტრანსფერზე ფოკუსირდეს. ასე რომ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალისგან” აქტიურობას არ უნდა ველოდოთ, თუ “ბერნაბეუს” ვინმე არ დატოვებს.
წასვლის მთავარ კანდიდატად კი ისკო გვესახება, რომელსაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშის პრეტენზია აქვს, “რეალში” კი საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა. მისი ტრანსფერით “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” ინტერესდებიან.