ფლორენტინო პერესის ახალი გეგმა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ახალ გეგმაზე მუშაობს.
“ბლანკოსის” ბოსი აპირებს, რომ სამომავლოდ ესპანეთის ნაკრების ძირითადმა ბირთვმა სწორედ მის კლუბში მოიყაროს თავი. მსგავსი რამ 2010 წელს “ბარსელონამ” შემოგვთავაზა და გვახსოვს თუ რამდენად წარმატებულები იყვნენ ამ დროს ესპანელები.
რაც შეეხება “რეალს”, ამ მიზნით გუნდში ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც არიან: ისკო ალარკონი, მარკო ასენსიო, ხესუს ვალიეხო, მარკოს ლორენტე, დანი კარვახალი, დანი სებალოსი და ა.შ.
თუმცა, როგორც ჩანს პერესი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მას სურს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე სწორედ მისი გუნდიდან იყოს. წლების განმავლობაში იკერ კასილასი იცავდა, როგორც ესპანეთის ნაკრების კარს, ასევე მადრიდის “რეალისას”. ფლორენტინომ რამდენიმე წლის წინ სცადა, რომ დავიდ დე ხეა დაემატებინა, მაგრამ ეს ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. ამჟამად მადრიდელთა პრეზიდენტი გეგმავს, რომ 23 წლის კეპა არისაბალაგა დაიმატოს და იმედები სწორედ მასზე დაამყაროს.
კეპა ბილბაოს “ატლეტიკის” აღზრდილია. იგი ბასკური კლუბის ძირითად გუნდში 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდის. ახალ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში მან ექვსი შეხვედრა ჩაატარა. საინტერესოა, დათმობენ თუ არა ბასკები ახალგაზრდა კიპერს.