ფოლი ინგლისს – მასპინძელი ჯგუფში ჩარჩა
ინგლისი – ავსტრალია 13:33
ინგლისში მიმდინარე მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და ეს ბერნადრ ფოლიმ გააკეთა, რომელმაც ავსტრალიელებს 28 ქულა მოუტანა, ხოლო ვოლაბებმა 33:13 იმარჯვეს.
ფოლიმ და ფარერმა თავიდან ჯარიმები გაცვლაეს, შემდეგ კი ავსტრალიელთა მე–10 ნომერმა ზედიზედ 2 ლელო დადო, რასაც კიდევ ორი გარდასახვა დაუმატა და ვოლაბებმა ტაიმი 20:3 მოიგეს.
ინგლისელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაიბრძოლეს და ვატსონმა ლელო დადო, ხოლო ფარელმა გარდასახა. თუ მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისი ლელოზე თამაშობდა, ანგარიშის შემცირების შემდეგ ფარელმა უკვე ჯარიმის კარში დარტყმა არჩია და კიდევ უფრო შეამცირა სხვაობა.
თუმცა, მასპინძლები მეტს ვეღარ შეწვდნენ. ფოლიმ ორი ჯარიმა ზუსტად დაჰრკა, შემდეგ კი ინგლისი უმცირესობაში დარჩა, რასაც გიტეაუს ლელო და ფოლის გარდასახვა მოჰყვა და მატჩიც მორჩა.
სამოა – იაპონია 5:26
იაპონელებმა მეტოქის უდისციპლინობით ისარგებლეს და 26:5 იმარჯვეს. სამოელები ამ მატჩში 17-ჯერ დაჯარიმდნენ, თუმცა პირველ ტაიმში იაპონელებმა ორი ლელოს დადებაც მოახერხეს. სამყურები ჯერ საჯარიმო ლელოთი დასაჩუქრდნენ, ხოლო ტაიმის მიწურულს აკიგჰიტო იამადამ დაალელოვა კუნძულელები. ამ ყველაფერს გოგომარუმ ორი გარდასახვა და ორი ჯარიმაც წაუმატა და იაპონიამ ტაიმი 20:0 მოიგო.
მეორე ტაიმი უფრო მწირქულიანი გამოდგა. გოგომარუს ორ ჯარიმის წინააღმდეგ, მხოლოდ ალენ პერესის საპასუხო ლელო და სულ ეს იყო.
სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია 34:16
აფრიკელთა უხვმა ქულამ ბოკეს პრემია ვერ მოუტანა, რადგან მხოლოდ სამი ლელო დადო და დანარჩენი ქულები გარდასახვებით, ჯარიმებითა და არეკნით აკინძა.
აფრიკელებმა პირველი ლელო მე-12 წუთზე გაიტანეს, როდესაც სხალკ ბერგერმა ძელებს შორის დადო. ჰანდრე პოლარდმა გარდასახვას ორი ზუსტი ჯარიმაც მიაყოლა, გრეიგ ლეიდლოუმ 30-ე წუთზე შორეული ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა.
მალე შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ ლელო კაცნაკლულმა აფრიკამ დადო. ამჯერად ჯეი პი პიტერსენმა იყოჩაღა. პოლარდის გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 20:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში შოტლანდიამ ლელოზე სცადა თამაში, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ლეიდლოუმ ჯარიმა კარში დაარტყა. თუმცა, ლელოც გაიტანა – ტომი სიმორის ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა.
პოლარდმა არეკნით სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა. მერე უკვე კაცნაკლულმა სქოთებმა აკრიფეს ქულები, მაგრამ პოლარდი უფრო ახლოს არ უშვებდა მეტოქეს. პოლარდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რასაც ბრაიან ჰაბანას ლელო და საბოლოო შედეგი, 34:16 მოჰყვა.