ფორმულა 1-ის პილოტებს ბედაურის პროწიალის ნებას მისცემენ
როგორც ჩანს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში (FIA) იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ფორმულა 1-ის გრანპრიში გამარჯვებულ პილოტებს ტრიუმფისას ბოლიდის პროწიალისა და რგოლების მოხაზვის ნება დართონ. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს Motorsport-Total-ი.
მანამდე ეს ელემენტი აკრძალული იყო და პილოტებს სოლიდური ჯარიმებით სჯიდნენ. ახლა უკვე გამარჯვებულ ავტომრბოლელებს ბედაურის პროწიალის ნება მიეცემათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ასეთი განავარდება საფრთხეს არ შეუქმნის დანარჩენ პილოტებსა და სტიუარდებს, არ გასცდება რეგლამენტით დადგენილ წესებსა და ორგანიზატორებს დაჯილდოების ცერემონიის გადადებას არ აიძულებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გამარჯვებას ასე ხშირად აღნიშნავდა სებასტიან ფეტელი, რომელიც ინდოეთის გრანპრის შემდეგ 25 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გერმანელმა პილოტმა ბედაური აბუ-დაბიში, ოსტინსა და სან პაულუში გამართული რბოლების შემდეგაც აპროწიალა, მაგრამ მაშინ ფეტელი დასჯას გადაურჩა.
ბექა დოგრაშვილი