ფოთის “კოლხეთი” ეროვნულ ლიგას წყალბურთით დაემშვიდობა
თბილისში დილიდან წვიმდა და ბუნების ამ მოვლენას, რომელიც ზამთარში განსაკუთრებულად ხშირად იცის, არ ანაღვლებდა, რომ თბილისის დროით 15:00 საათზე ერთმანეთს მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე “ლოკომოტივი” და “კოლხეთი” დაუპირისპირდებოდნენ. ფეხბურთელებმა პრაქტიკულად ტალახში ითამაშეს, მეკარეების საჯარიმოში დიდი გუბე იდგა და ფიგურულ სრიალზე ან ჭოკით ხტომაში ნამდვილად შეიძლებოდა დღეს კარგი ვარჯიში გამოსულიყო.
მიუხედავად სტადიონის ამ კონდიციისა, “ლოკომ” მარტივი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა წყალბურთში და ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაინაღდა. თავის მხრივ, “კოლხეთიც” ოფიციალურად დაემშვიდობა უმაღლეს ლიგას და ასპარეზობას ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს. პირველი ქართული გუნდი თავიდანვე დიდი პრობლემებით შეხვდა ჩემპიონატს და ვერცერთ წრეში ვერ შეძლო სიტუაციის გამოსწორება.
“ლოკო” დარჩა – “კოლხეთი” გავარდა
ლოკომოტივი 5-1 კოლხეთი
გოლები: დავითაშვილი 8, გავაშელიშვილი 14, არდაზიშვილი 59, კობახიძე 69, ჯიქია 82 – დოროშენკო 21
ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ქურდაძე, შონია, უბილავა – გვალია, ძებნიაური (კიკაბიძე 79) – არდაზიშვილი, დავითაშვილი (კომახიძე 73), კობახიძე – გავაშელიშვილი (ჯიქია 68)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
კოლხეთი: მიქავა – აფხაზავა, ციკოლია, ტყემალაძე – კერელეიშვილი, ჭეჭელაშვილი, პრიჩინენკო, ძაძამია, დოროშენკო (აშორტია 57) – კაკულია (მახარაძე 76), იმნაძე (ფენდერავა 88)
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი